Tuesday 24 May 2016

ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?

შეიძლება ვერ დავიმახსოვრო სათაურები, სახელები, ავტორები, სიუჟეტები, მაგრამ ყოველთვის მახსოვს რომელ წიგნში რა ემოციური ფონია.
ფილიპ დიკის "ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?" არის წიგნი სავსე მარტოობის დაუძლეველი სევდით, მუდმივი ეჭვით, ოცნებით თავისუფლებაზე.
ამ ამბავში დიდი სიჩუმეა. მესამე მსფლიო ომის შემდეგ კაცობრიობის დიდი ნაწილი ადგა და ემიგრაციაში წავიდა, მარსზე გადასახლდა. ომმა მოახერხა ის, რომ არცერთი მხარისთვის გამარჯვება არ მოეტანა და სამუდამოთ დაენთქა მზის შუქი დედამიწაზე.
ადამიანებმაც მიატოვეს პლანეტა. საქმის გამარტივებისკენ სწრაფულებმა არ იკმარეს ყოველივე ეს და დაიწყეს ჰუმანოიდების- ანდროიდების წარმოება. ისინი გარეგნულად ადამიანების იდენტურები არიან, ინტელექტით უფრო მაღლა დგანან, თუმცა გრძნობები არ გააჩნიათ, მათ შორის ყველაზე ადამიანური - თანაგრძნობა არ შეუძლიათ. ისინი კოლონიებში ეხმარებიან მოსახლეობას ყოველდღიურ საქმიანობაში.
ხანდახან მათში იჩენს თავს თავისუფლების და ხალხთან შერევის სურვილი და ისინი მალულად ჩამოდიან დედამიწაზე. 

პლანეტაზე, სადაც დარჩენილ ადამიანებს თითქმის აღარ აქვთ ცოცხალი ბუნების ნახვის საშუალება, მარტოობის შესავსებად უამრავ თანხას იხდიან გადაშენებულ ცხოველთა უკანასკნელ წარმომადგენლებში.
ანდროიდები ხდებიან ოპერის მომღერლები, აფთიაქარები. ცდილობენ ადამიანებს მიბაძონ.
თუმცა "ვოიტ-კემპფის სასწორით" აღჭურვილი "თავებზე მონადირეები" ცდილობენ ამოიცნონ ისინი და 'წყობიდან გამოიყვანონ'

სევდიანი ამბავია.
სევდიანი იმიტომ, რომ ჩვენ ადამიანები ვართ, ისევე როგორც წიგნის მთავარი თავებზე მონადირე, ჩვენც თანავუგრძნობთ ანდროიდებს, როლებსაც არც კი სცალდებათ ვინმე შეუყვარდეთ.
წიგნი გვანახებს, სადამდე შეიძლება მივიდეთ. 'აქამდე' კი არაფრის დიდებით არ უნდა მივიდეთ. არ უნდა გადავაყოლოთ უაზრო უთანხმოებებს მთელი პლანეტის ბედი.
ჰო, მგონია რომ ამ წიგნის მთავარი იდეა მაინც ესაა.

"სადაც არ უნდა წახვიდე, არასწორად მოქცევა ყველგან მოგიწევს, ესაა ცხოვრების ძირითადი არსი: საკუთარი პიროვნების წინააღმდეგ წასვლა. ამ არჩევანის გაკეთება ყველა ცოცხალ არსებას უწევს. ეს ქმნილების მარცხის მარადიული აჩრდილია. წყევლაა, რომელიც ჩვენი სიცოცხლით იკვებება. ყველგან, განურჩევლად საცხოვრებლისა."